Friday, May 11, 2012

დევების ვახშამზე


ბნელმა დაკაწრა მთვარე ბრჭყალებით,
ღამემ მთვარეზე შური იძია,
დევების ვახშამს დაესწრო მწუხრი,
ორთქლიან ქვაბში კაცი ჰკიდია,
ნაკუწ-ნაკუწად ათლიან ხორცებს,
იმისი ცოდვა ჩვენს თავს გვიდია,
სხვისი ჭირი და სხვისი სიავე,
ჩვენს გულის დარდად ვერ მიგვიღია.
უსამართლობის მორევში ჩაფლულთ
ღვთის სამართალი გადაგვიგდია,
ბოროტისა და კეთილის გამრჩევთ
შურის და ზაკვის ხიდი გვიგია.
გადაეცრიცა სახეებს ფერი,
სიკეთეს ვინ სთესს, ვერ გაგვიგია,
გველის ტყავებში გამოწყობილებს
იესოს ჯვარი ხელში გვიპყრია,
ვაზის ცრემლებად იღვრება ერი,
გოლგოთის გზაზე შედგა მრავალი,
ღმერთო, მოგვეცი იმისი ძალა,
რომ ვცნოთ ჩვენ შორის კაცი მართალი,
ჩოხოსანთ ლაშქარს წარუძღვეს წინა,
კვლავ აღვადგინოთ ღვთის სამართალი:
დევებს ქვაბები თავს დავახუროთ,
ვიხსნათ ტანჯვისგან კაცი მრავალი!

No comments:

Post a Comment