რა ვუთხრათ იმ ქალს,
ვინც გვირწევდა ბავშვობის აკვანს,
და თავსაფარის ბოლოებით იწმენდდა ცრემლებს,
ელოდა მამას, ომში წასულს მარუხის ქედზე,
და ცეცხლთან ახლოს გაგვითბობდა გაყინულ ნეკნებს,
ყელში გაჩხერილ ბურთს ყლაპავდა,ისრესდა თითებს,
დაჩხვლეტილს ნემსით,სისხლის წვეთებს იშრობდა ენით,
და გვიკერავდა შარვალ-პერანგს,ნამუსის მცველებს
დაღლილ თვალებით, მაგრამ მშვიდი და წყნარი მზერით.
გვეტყოდა ლექსებს ლომ-გმირებზე,იმათ დედებზე,
ვინც სამშობლოსთვის იბრძოდნენ და სიკეთეს თესდნენ.
რა ვუთხრათ დედას იმ დარდისთვის, თან რომ ატარა,
ჩვენ კი გაგვზარდა სიყვარულით,მომავლის რწმენით.
ყრმობის აკვანში ჩვენც ვიგრძენით ცრემლების გემო,
სევდის ფერებიც დავინახეთ,ობლობის კვერიც,
ხალხის სიყვარულს გვაზიარა ჩვენმა მშობელმა,
ასე გაგვზარდა,ნამუსის და ღირსების გენით,
და ჩვენც გავყევით დედის ლოცვას მტკიცე ნაბიჯით,
მამის კვალს ვსდიეთ,აფხაზეთის მთებში ავედით,
ეხლა აქ გვძინავს,დედის მკერდზე მოგლეჯილ შვილებს,
ძალიან გვცივა,რადგან დედა არ არის გვერდით.
...
რა ვუთხრათ დედას?
მის შვილებს ხომ არ ესმით "ნანა"
ქართულ სიმღერას ქართლის დედა რომ დაიმღერებს,
როდის იქნება, საქართველომ ჩაიკრას შვილი
და აფხაზეთმა იცნოს დედა ობლობის კვერით,
როდის იქნება,აფხაზეთშიც იმღერონ "ნანა"
და დაიტიროს დედამ შვილი უბრალო ცრემლით.