Saturday, April 28, 2012

ახალ თაობას



მოგვიხდა ბრძოლა, ჭიდილი ჟამთან,
დროს გავუსწარით დარდით, ფიქრებით,
ჩვენი თაობა სულ ნორჩი მოკვდა,
ახალ ცხოვრებას ვერნაღირსები.
გადაიარა ჩვენს ზურგზე მტერმა,
ზოგმა ცეცხლით და ზოგმა თხრილებით,
შიმშილით, ომით, სისხლით დაღლილებს
ჩვენს სამშობლოსაც ვერ ვეღირსებით.
გადავიკარგეთ აქეთ და იქით,
თურქს და ოსმალოს ვემსახურებით,
განწირულ ქვეყნის გაწირულ შვილებს
ძეგლს დაგვიდგამენ ჩვენი შვილები!
ვკვდებოდით დარდით, ვკვდებოდით მალვით,
ვკვდებოდით არყით, ნარკოტიკებით,
პატარა ქვეყნის პატარა შვილებს
რწმენა მიგვქონდა, დიდი იმედი.
სამშობლოშივე ლტოლვილად ქცეულთ
გამოვიარეთ სისხლის წვიმები
და ათასობით სიცოცხლის ფასად
გადავარჩინეთ ჩვენი შვილები.
და ეხლა როცა, ხანდახან მაინც,
შაოსან დედას ჩახედავ თვალში
ან როცა ,,საწყლის" გამოწვდილ ხელზე
ვით მოწყალებას წვრილ ხურდას დაყრით,
იქნებ შეიცნოთ ჩვენი თაობა,
მათ ძვლებზე თქვენ ხომ, კაცები გახდით
და უპასუხოთ კაცურ-კაცურად
ძეგლის დადგმით და წესების დაცვით.

                            ****
მოძრაობაა ჩვენი შველა, ჩვენი წამალი!
ყველა უძრავი ისე კვდება, როგორც მრავალი...
კლდე მაღალია, ლამაზი და ძალზე მაგარი,
მაგრამ მასაც კი, გასტეხს წყალი, ზვირთი მრავალი.

Wednesday, April 18, 2012

მალე მოდი, გაზაფხულო!


თითქოს თავზე დაგვაფხრიწეს,
როგორც ქუდი, ცა და მიწა,
მოდი, მალე, გაზაფხულო,
გაანელე ცათა რისხვა...

                  *   *    *
სოფელ-სოფელ, ეზო-ეზო,
მოდის, მოდის, გაზაფხული,
როგორც ურცხვი პატარძალი
ჩვენს ოჯახში შემოსული...
ალუბლის და ატმის ტოტებს
მხრებით დააქვთ თითქოს ზეცა,
სიყვარულით  გათანგული
კვირტი კვირტთან ლეკურს ცეკვავს...
სიოს მოაქვს სითბო მხრებით,
ალყა-ალყად აყრის მინდვრებს,
მიწას მკერდი გაუღეღავს
სალაღობოდ იწვევს ჩიტებს...
ქართლის მიწის დაგლეჯილ ცას
ცოდვა-მადლის ნისლი ჰბურავს,
და სატირლად გამზადებულს
მზე სადილს და ვახშამს უდგამს.
ლურჯი სისხლით შეღებილა
ამ ღრუბლების ნაფლეთები
და მიწა კი გაპოხილა
სისხლიანი ნაწვეთებით...
მოდი, მალე, გაზაფხულო,
გაგვინათე გზა სავალი,
და გვენახოს მომავალში
ერთიანი ცა, მთლიანი!

Tuesday, April 17, 2012

თეთრი და შავი


ჩვენი ცხოვრება ძალიან ჰგავს ჭადრაკის თამაშს,
თეთრი და შავი, ჭადრაკის დაფის ფერები არის,
სვლას გავაკეთებ, არ ავყვები ფერების თამაშს,
ვერ გამიტაცებს, ვერ მაცდუნებს მე შავი ფერი,
შავი ბნელეთის, ბოროტების საბუდარია,
თეთრი სინათლის, უკვდავების წყაროს წყალია,
ვინც ამ წყალს შესვამს, ღმერთთან ახლოს დაიდებს ბინას,
მისი ცხოვრება, მისი ბოლო სანუკვარია...
თეთრი და შავი ჭადრაკის დაფის ფერები არის,
ჩვენი ნაბიჯიც, ზოგი თეთრი, ზოგი შავია,
თეთრი დღე არის, მზის სხივებით განათებული,
შავი ღამეა, ბნელთა ძალთა ნაჩუქარია,
და ბოლო ბრძოლა, ბოროტსა და სიკეთეს შორის,
ბოლო სვლა არის, ვისთვის-თეთრი, ვისთვის-შავია,
და ეს თამაში ვნებებით და ქარიშხლით სავსე,
იქ დასრულდება, სადაც ჩვენთვის ღია კარია.

მგლები (ზღაპარი)



ღამე არის,მთვარის შუქი არსად მოსჩანს,
ბნელს მოუცავს ტრამალი და და კლდე- ნაპირი,
სანადიროდ გამოსულა მგლების ხროვა
მათთვის არის ეს ქვეყანა დანაპირი.
მოჩანს ცეცხლი დანთებული მათთა თვალთა,
მოგიზგიზე,ბრძოლის ჟინით ავსებული...
კბილთა ღრჭენით ემუქრება მთელს ქვეყანას
მგლების ხროვა, სანადიროდ გამოსული.
ბრძოლის ველზე არ იციან მათ დანდობა,
მგლების მადა,ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით,
მგლის ხასიათს და მის ზნეს კი, ვერვინ შეცვლის,
არ გვინახავს კაცი მათგან დანობილი.
უცებ ცაზე მთვარე გაჩნდა,თეთრი დისკო,
მისმა შუქმა გაანათა კლდე -ნაპირი,
შეშინებულ მგლების ხროვას დღე დაუდგა
უკეთეს რომ ვერ ინატრებს კაცის პირი.
გადახედეს მათ ერთმანეთს შიშით,რიდით
და დაიწყეს კრაჭუნი და კბილთა ღრჭენა,
ერთი უნდა აირჩიონ შესაჭმელად,
ასეთია მგლების ზნე და ჩვეულება.
ნახეს კიდეც,ერთი იყო მეტად სუსტი,
გაფატრეს და გაათრიეს მგლებმა ველთა,
იმ ტყავიდან ერთი ბეწვიც არ დატოვეს
ასეთია მათი ზნე და ჩვეულება.
მთელ ქვეყანას შიშის ზარს სცემს მგლების ხროვა,
არ იციან მათ დანდობა,სიბრალული,
კაცის ზნეს კი,იმედი მაქვს, ვერვინ შეცვლის,
არ იქნება ის სუსტი და უმადური.

სამშობლოდან გადაკარგულებს


,,თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასო"

თავაწეული ვდგევარ მე მთაში,
ქარი მიწეწავს თმას და ტანსაცმელს,
მთა მთას შედგმია, ღელე კი-ღელეს,
ფერდი ფერდს მოსდევს და კორდი-კორდებს,
მორბის მდინარე გაშმაგებული
და ეხეთქება ქვებსა და ლოდებს!
ვუყურებ, მახრჩობს დარდი და სევდა,
ეს მოჩვენება კვალდაკვალ მომდევს,
ამ საუცარი ბუნების მქონე
ეხლა სადა ვარ და სადა ვგოდებ...
ჩემო სამშობლოვ, ჩემო ლამაზო
საით გავრბივართ, რა გვეჩქარება?
უღმერთოება, ფულის ტრფიალი,
ნუთუ ეს გვინდა, ეს გვენატრება?
ქალი ქალს არ ჰგავს, კაცი კი-კაცსა,
ყველა ოქროს კერპს ეთაყვანება,
და შავ უფსკრულში გადაჩეხილებს,
არ მიუღიათ მათ ზიარება...
და მეც წავედი, გადავიკარგე,
ვწუხვარ, გნატრულობ და მენანება,
და იმ ქართველთა მსგავსად და დარად
არ მიმიღია მეც ზიარება...

ქარი არ მიყვარს



ქარი არ მიყვარს,
მისი კვნესა, მისი წუხილი
ოცნებებს მიმსხვრევს, ვკარგავ იმედს,
იმედს ხვალისას...
შემაკანკალებს, შემაჟრჟოლებს,
ჩემს გულში ცივად დაისადგურებს
ყინული და დარდი ღამისა,
ღამევ, მითხარი, რას გვიმზადებს
ბედი ტიალი, საით მივყავართ
მთვარის ეტლს და ნაკადს ქარისას,
ოცნების მკვლელო, ბნელეთის მცველო,
დამეხსენ მწველო ტკივილო და ქარო ღამისა!

გაზაფხულის უვერტიურა





მე გაზაფხულის თოვლი მიყვარს,მისი სურნელი,
თეთრი ყვავილი თეთრ ფიფქებად მოიჯარება,
უტევს მცხეთას და უტევს თბილისს თეთრი ჯარები,
სხვა მეომრები აღარ ნახონ ჩვენმა თვალებმა.
მოვტეხე ტოტი და მეძგერა ყვავილთა გუნდი,
თმები ამევსო სურნელით და თეთრი ფიფქებით,
თავს დამატეხა ალუბლის ხემ თავისი რისხვა
და შემომცინა ჩუმად,ხის ქვეშ ყოველმა ფიფქმა
ყვავილთა ჯარი ტანზე ნაზად მომეალერსა
და ის ურჩები,წინ დამეგენ ფიანდაზებად.






 მე გაზაფხულის ფერები მიყვარს,
ნაზი სიო და მწველი სურნელი,
ყვავილთა ფიფქი,კორდები მწვანე,
იების ბუჩქი,ვარდის ფურცელი.
მათრობს და მავსებს ლაღი გრძნობებით
ბალახის სუნთქვა,მთის ჩუმი ექო,
თითქოს ძახილი გადიქცა მეხად
და ეს ხმაური სიჩუმედ მერგო...
დედა ბუნების შვილი ვარ ნაღდი,
ჩემშია მუხა,თხმელა და ნეგო
მათი სიცოცხლის ყოველი წამი
უკვდავსაყოფად ჩვენ ყველას გვერგო,
ასი წლის მუხა დამყურებს თავზე,
მის ხაზებს ვუცქერ,ხირომანტი ვარ,
მის ძლიერ მკერდზე დასვენებული
თითქოს ასი ვარ და ათასიც ვარ,
მის უტეხ სულში შევაღწევ ძალით,
რომ წავიკითხო მისი ფიქრები,
და მის უხეშ და დაღარულ ტანზე,
ისევ გაჩნდება წვიმის ნიფები,
და გამიტაცებს წყლის ნიაღვარი,
მაგრამ არ მივსდევ მე იმ ნაკადებს,
რადგან მუხა ვარ,იმისი შვილი
და ის არასდროს არ მიღალატებს.