Saturday, April 28, 2012

ახალ თაობას



მოგვიხდა ბრძოლა, ჭიდილი ჟამთან,
დროს გავუსწარით დარდით, ფიქრებით,
ჩვენი თაობა სულ ნორჩი მოკვდა,
ახალ ცხოვრებას ვერნაღირსები.
გადაიარა ჩვენს ზურგზე მტერმა,
ზოგმა ცეცხლით და ზოგმა თხრილებით,
შიმშილით, ომით, სისხლით დაღლილებს
ჩვენს სამშობლოსაც ვერ ვეღირსებით.
გადავიკარგეთ აქეთ და იქით,
თურქს და ოსმალოს ვემსახურებით,
განწირულ ქვეყნის გაწირულ შვილებს
ძეგლს დაგვიდგამენ ჩვენი შვილები!
ვკვდებოდით დარდით, ვკვდებოდით მალვით,
ვკვდებოდით არყით, ნარკოტიკებით,
პატარა ქვეყნის პატარა შვილებს
რწმენა მიგვქონდა, დიდი იმედი.
სამშობლოშივე ლტოლვილად ქცეულთ
გამოვიარეთ სისხლის წვიმები
და ათასობით სიცოცხლის ფასად
გადავარჩინეთ ჩვენი შვილები.
და ეხლა როცა, ხანდახან მაინც,
შაოსან დედას ჩახედავ თვალში
ან როცა ,,საწყლის" გამოწვდილ ხელზე
ვით მოწყალებას წვრილ ხურდას დაყრით,
იქნებ შეიცნოთ ჩვენი თაობა,
მათ ძვლებზე თქვენ ხომ, კაცები გახდით
და უპასუხოთ კაცურ-კაცურად
ძეგლის დადგმით და წესების დაცვით.

                            ****
მოძრაობაა ჩვენი შველა, ჩვენი წამალი!
ყველა უძრავი ისე კვდება, როგორც მრავალი...
კლდე მაღალია, ლამაზი და ძალზე მაგარი,
მაგრამ მასაც კი, გასტეხს წყალი, ზვირთი მრავალი.

No comments:

Post a Comment