თეთრი ყვავილი თეთრ ფიფქებად მოიჯარება,
უტევს მცხეთას და უტევს თბილისს თეთრი ჯარები,
სხვა მეომრები აღარ ნახონ ჩვენმა თვალებმა.
მოვტეხე ტოტი და მეძგერა ყვავილთა გუნდი,
თმები ამევსო სურნელით და თეთრი ფიფქებით,
თავს დამატეხა ალუბლის ხემ თავისი რისხვა
და შემომცინა ჩუმად,ხის ქვეშ ყოველმა ფიფქმა
ყვავილთა ჯარი ტანზე ნაზად მომეალერსა
და ის ურჩები,წინ დამეგენ ფიანდაზებად.
მე გაზაფხულის ფერები მიყვარს,
ნაზი სიო და მწველი სურნელი,
ყვავილთა ფიფქი,კორდები მწვანე,
იების ბუჩქი,ვარდის ფურცელი.
მათრობს და მავსებს ლაღი გრძნობებით
ბალახის სუნთქვა,მთის ჩუმი ექო,
თითქოს ძახილი გადიქცა მეხად
და ეს ხმაური სიჩუმედ მერგო...
დედა ბუნების შვილი ვარ ნაღდი,
ჩემშია მუხა,თხმელა და ნეგო
მათი სიცოცხლის ყოველი წამი
უკვდავსაყოფად ჩვენ ყველას გვერგო,
ასი წლის მუხა დამყურებს თავზე,
მის ხაზებს ვუცქერ,ხირომანტი ვარ,
მის ძლიერ მკერდზე დასვენებული
თითქოს ასი ვარ და ათასიც ვარ,
მის უტეხ სულში შევაღწევ ძალით,
რომ წავიკითხო მისი ფიქრები,
და მის უხეშ და დაღარულ ტანზე,
ისევ გაჩნდება წვიმის ნიფები,
და გამიტაცებს წყლის ნიაღვარი,
მაგრამ არ მივსდევ მე იმ ნაკადებს,
რადგან მუხა ვარ,იმისი შვილი
და ის არასდროს არ მიღალატებს.


No comments:
Post a Comment