კვლავ შემოსძახოს დუდუკმა და ზურნამ სიმღერა,
კვლავ აფერადდეს ნაირფერად ჩვენი ქუჩები,
თბილისობაა,ყველა ჩვენგანს უხმობს დაირა,
გოგო-ბიჭები, ქართულ სამოსშემოცმულები,
ქალაქურ სახლებს დაამშვენებს ჭრელი ხალიჩა,
მტკვრის სანაპიროს-ჩოხოსანთა ნაფეხურები,
შეინძრეს მთები,აგუგუნდეს ''მრავალჟამიერ''
ქართველი კაცის სისხლი მოდუღს საწნახელებში,
სავსე თასებით ვადღეგრძელოთ ქვეყნის თილისმა,
ჩვენი თბილისი,ბევრჯერ ჩვენგან ნადღეგრძელები!
Thursday, October 18, 2012
Wednesday, September 26, 2012
Tuesday, September 18, 2012
ჩვენი ეპოქა (ვუძღვნი ემი ვაინჰაუსს)
ბიოტიკების,ნარკოტიკების,
უბედობის და ბედნიერების,
თვალთმაქცობის და კადნიერების,
სიხარულის და გამარჯვებების,
მწუხარების და დამარცხებების,
უსახელთა წარმატებების,
სახელოვანთა არ გახსენების,
გენების სრული არევდარევის,
ფარმაციების დიდი არენის,
კატის და ძაღლის სისხლთა აღრევის,
ბრძოლის,ომების,კოსმოში ფრენის,
რწმენის,იმედის და აღმაფრენის...
ცხოვრება
მიხვეული, მოხვეული,
ძაფის გორგლად დახვეული,
ახვეული,ჩახვეული,
ცოდვა-მადლში გახვეული,
ზოგჯერ მიწყვეტ-მოწყვეტილი,
ზოგან ასჯერ ჩაგლეჯილი,
ხან მწარე და ხანაც ტკბილი,
ეს ცხოვრება, დალოცვილი...
ძაფის გორგლად დახვეული,
ახვეული,ჩახვეული,
ცოდვა-მადლში გახვეული,
ზოგჯერ მიწყვეტ-მოწყვეტილი,
ზოგან ასჯერ ჩაგლეჯილი,
ხან მწარე და ხანაც ტკბილი,
ეს ცხოვრება, დალოცვილი...
ციურმა ცვარმა განმბანოს თვალი
შემომაფერთხა მტვერი ქარბუქმა,
თვალები ცოდვის ცრემლით ამევსო,
გრიგალის თამაშს ავყვები ისევ,
იქნებ შორეთში ფრენით წამიღოს...
იქნებ ცის კიდეს მივწვდე ხელებით,
იქნებ დავხედო ზემოდან მიწას,
იქნებ სულშიაც ჩამხედოს მთვარემ,
იქნებ ჩემს გულში დაიდოს ბინა...
იქნებ სამშობლოს ფერებს შევეხო,
ზღაპრულ ხალიჩას მოვავლო თვალი,
იქნებ მუშტივით ვნახო შეკრული
ერი და ბერი, ქალი და კაცი.
იქნებ თამაშმა იქ გამიტაცოს,
სადაც არ არის ზაკვა და ზარი,
იქნებ გრიგალის ტალღებს აყოლილს
მესმას სიმღერა სირინოზთ ქნარის,
იქნებ გაიღოს სამოთხის კარი,
ციურმა ცვარმა განმბანოს თვალი...
თვალები ცოდვის ცრემლით ამევსო,
გრიგალის თამაშს ავყვები ისევ,
იქნებ შორეთში ფრენით წამიღოს...
იქნებ ცის კიდეს მივწვდე ხელებით,
იქნებ დავხედო ზემოდან მიწას,
იქნებ სულშიაც ჩამხედოს მთვარემ,
იქნებ ჩემს გულში დაიდოს ბინა...
იქნებ სამშობლოს ფერებს შევეხო,
ზღაპრულ ხალიჩას მოვავლო თვალი,
იქნებ მუშტივით ვნახო შეკრული
ერი და ბერი, ქალი და კაცი.
იქნებ თამაშმა იქ გამიტაცოს,
სადაც არ არის ზაკვა და ზარი,
იქნებ გრიგალის ტალღებს აყოლილს
მესმას სიმღერა სირინოზთ ქნარის,
იქნებ გაიღოს სამოთხის კარი,
ციურმა ცვარმა განმბანოს თვალი...
Sunday, September 9, 2012
ჩემმა ბავშვობამ გამიღოს კარი
ვარდის ფურცლებმა დაკარგეს ფერი,
წიგნებში დარჩა მოგონებები,
ეკლიან ყვავილს დაედო მტვერი...
ათას წლის მერე ვეწვევი მიწას,
იქ დავსახლდები,როგორც ფერია,
გამახსენდება ჩემი ბავშვობა,
მასზე ტკბილი ხომ არაფერია...
მიყვარს ნატვრა და მიყვარს სიცოცხლე,
როცა ოცნების გხურავს ნისლები...
ყველა ფიქრი და ყველა სურვილი
ჟამმა წაიღო,როგორც ტიტრები.
მინდა დავბრუნდე ჩემს ბავშვობაში,
თავზე მეყაროს თეთრი ფიფქები,
ცაზე ვარსკვლავებს კოცნიდეს მთვარე,
დღემ მზის სხივებით მოქარგოს ქნარი,
ღამემ ჩამოკრას ჩანგის სიმები,
ციური ცვარით ამევსოს თვალი,
ჩემმა ბავშვობამ გამიღოს კარი...
Thursday, August 9, 2012
ვიცი,რომ ღმერთი გამომიწვდის შენდობის ქისას
დავეცი დაბლა,უფრო დაბლა ჯოჯოხეთია,
მინდა წამოვდგე, მაგრამ ცოდვა რა ოხერია,
ქვასავით მძიმე, დოლაბივით მკიდია მკერდზე,
წამოდგომისთვის ძალა არ მაქვს და უფალს ვეძებ...
ვიცი, მიშველის, ხელს დამისვამს სათუთად თავზე,
ვიცი, ირწმუნებს, სინანულს რომ ვეცრემლე ძალზე,
ვიცი, უსახურს მომანიჭებს სიცოცხლის ძალას,
ვიცი, ცოდვების პატიებას ეცდება მარად.
უნაყოფობას ამ ცხოვრების, მე ახლა ვტირი,
დროგადასული ხის ფესვივით ვეჭდობი მიწას,
ვებღაუჭები ამ სიცოცხლეს, როგორც თვითმიზანს
და, ვიცი, ღმერთი გამომიწვდის შენდობის ქისას.
Monday, July 30, 2012
სამშობლოს ფერებს
სირცხვილისგან ალმურასულს შესევია ქარბუქები,
ალეწილი თავთავები ცაში მიუსვრ-მოუსვრია,
მერე ნეფე ყაყაჩოსთვის დედოფალად მიუსვია,
გამართულა ქორწილი და სადღეგრძელოც შეუსვიათ,
ვაშა, ნეფე-დედოფალსო,მწყერსაც ენა აუდგია.
ყანების ჩურჩულს შეაგებებ ცეცხლოვან ბაგეს,
ვნების ქარცეცხლში ჩაიწვები,ჩაიფერფლები,
წითელო ფერო,შენ ყაყაჩოს ფურცლებში გხედავ,
სიცოცხლისა და სიყვარულის ალად გვედები,
მაშ, გადაშალეთ ყველა დროშა წითელი ფერის,
გრძნობების ტალღამ ჩაითრიოს ეს იმედები.
Tuesday, July 24, 2012
სამშობლოს ფერებს
ფერთა ჰანგებით გაიჟღინთა მთელი სამყარო,
ბუნებამ გახსნა ყველა კლიტე, ყველა კარები,
მზე ოქროს ტახტზე შემომჯდარა,უპყრია კვერთხი,
თვალებს უკრავენ, უღიმიან მზევინარები.
ჰაერში მწიფე თავთავების იგრძნობა გემო,
ყაყაჩომ მოგვდო ალმური და მიგვზიდა ვნებით,
ვარდის ფურცლებმა გაგვაბრუეს თავის სურნელით,
ვარდკაჭკაჭამ კი, შემოგვასხა ცისფერი პლედი.
ჩურჩულებს ტყე და მეც მომინდა შევკადრო სიტყვა,
სიყვარულით და ნეტარებით ავიდგა ენა,
ჩიტუნებს ვუთხრა ის ზღაპარი,მე რომ ვიცოდი,
მაშინ აკვანში,როს მესმოდა ანგელოზთ ენა,
მწყერჩიტაც მეტყვის თავის დარდს და თავის სიხარულს,
შაშვის გალობით კიდევ ერთხელ დავიტკბობ სმენას,
ნაკადულების ჩუხჩუხს ვუხმობ, გავირინდები,
შევუერთდები ცის ციაგს და ყვავილთა ფშვენას,
დალოცვილ მიწას კიდევ ერთხელ ჩავეკონები,
სამშობლოს ფერებს გადავხატავ ხვალეც და დღესაც.
სხეულს ძალა არ ეყო
ტრიალებდა ლურჯი ზეცა,
ფიქრებს ვკლავდი მზიანებს,
ანთებული ოცნებები ისევ დავაზიანე,
გამიწვრილდა ტანჯვით სული
ნემსის ყუნწში სრიალებს,
ძაფის გორგლად გადაქცეულს
დღეებს ვითვლი გზიანებს.
გზებმაც გზები გადათვალეს,
ღამემ-ღამე უმზეო,
ვარსკვლავებმა თვალი მომჭრეს,
საბნად მიწა არ მეყო,
შავისა და თეთრის ბრძოლას
სული ორად გაეყო,
ლურჯი ზეცა ტრიალებდა
სხეულს ძალა არ ეყო...
Wednesday, July 18, 2012
აფხაზეთში დაღუპულთა დედებს
რა ვუთხრათ იმ ქალს,
ვინც გვირწევდა ბავშვობის აკვანს,
და თავსაფარის ბოლოებით იწმენდდა ცრემლებს,
ელოდა მამას, ომში წასულს მარუხის ქედზე,
და ცეცხლთან ახლოს გაგვითბობდა გაყინულ ნეკნებს,
ყელში გაჩხერილ ბურთს ყლაპავდა,ისრესდა თითებს,
დაჩხვლეტილს ნემსით,სისხლის წვეთებს იშრობდა ენით,
და გვიკერავდა შარვალ-პერანგს,ნამუსის მცველებს
დაღლილ თვალებით, მაგრამ მშვიდი და წყნარი მზერით.
გვეტყოდა ლექსებს ლომ-გმირებზე,იმათ დედებზე,
ვინც სამშობლოსთვის იბრძოდნენ და სიკეთეს თესდნენ.
რა ვუთხრათ დედას იმ დარდისთვის, თან რომ ატარა,
ჩვენ კი გაგვზარდა სიყვარულით,მომავლის რწმენით.
ყრმობის აკვანში ჩვენც ვიგრძენით ცრემლების გემო,
სევდის ფერებიც დავინახეთ,ობლობის კვერიც,
ხალხის სიყვარულს გვაზიარა ჩვენმა მშობელმა,
ასე გაგვზარდა,ნამუსის და ღირსების გენით,
და ჩვენც გავყევით დედის ლოცვას მტკიცე ნაბიჯით,
მამის კვალს ვსდიეთ,აფხაზეთის მთებში ავედით,
ეხლა აქ გვძინავს,დედის მკერდზე მოგლეჯილ შვილებს,
ძალიან გვცივა,რადგან დედა არ არის გვერდით.
...
რა ვუთხრათ დედას?
მის შვილებს ხომ არ ესმით "ნანა"
ქართულ სიმღერას ქართლის დედა რომ დაიმღერებს,
როდის იქნება, საქართველომ ჩაიკრას შვილი
და აფხაზეთმა იცნოს დედა ობლობის კვერით,
როდის იქნება,აფხაზეთშიც იმღერონ "ნანა"
და დაიტიროს დედამ შვილი უბრალო ცრემლით.
Saturday, July 7, 2012
ღამის ნანა
ღამემ წამართვა თეთრი მანდილი და
თავზე შავი დამხურა ქუდი,
დავრჩი ყარიბი,მიუსაფარი,
მე ამ ცხოვრებამ გამრიყა გუშინ,
ცის ვარსკვლავების ციმციმმა მიხმო,
ზღაპრული სევდით ამევსო გული,
მთვარემ ამზიდა თავის სხივებით
და მომეკიდა თვალებზე რული,
ბევრი მარწია თავის აკვანში,
ვარსკვლავებს უხმო,მიმღერეს ნანა,
ისეთი ტკბილი,ისეთი ნაზი,
მხოლოდ დედა თუ გიმღერებს ამგვარს,
ისევ ვიგრძენი ხელების სითბო,
დედისას ჰგავდა,ზეცის თვალებიც,
ვარსკვლავთა გუნდმა ცად შემიწირა,
მე ამ ცხოვრებას არ ვენაღვლები,
მინდა ზეცაში რეკდნენ ზარები...
Monday, June 18, 2012
იესოს
გული ატკინეს, ლახვარი ჩასცეს,
ტანჯეს, აწამეს, აკიდეს ჯვარი,
ისეთი მძიმე, როგორც ცოდვები,
კაცობრიობის ტვირთი რომ არის,
ნატანჯ სხეულზე იხმარეს ძალა,
ჯვარზე გააკრეს, გაყარეს სული,
ზეცად ამაღლდა, უნეტარესი,
ჩვენ კი, შემოგვრჩა ხორცი და სული,
რომელსაც ვზიდავთ და გვიჭირს ძლიერ,
რადგან სუყველას გვამძიმებს სული...
ნათიას
ნათელი ხარ მზის სხივივით,
ახალგაზრდა, როგორც მთვარე,
თორმეტ ვარსკვლავს შემოიკრებს
ისევ შენი სილამაზე,
ალვისტანავ, გამიღიმე, წინ დაგიგებ ფიანდაზებს!
Saturday, June 16, 2012
შენ, აფხაზეთო
ფარდების მიღმა სულ სხვა ზღვა და გაზაფხულია,
სხვა ოკეანე გრძნობების და კაცურ სათქმელის,
სამურზაყანო ქართველისთვის უნაპიროა
და ვეღარ უძლებს ეს სხეული ამდენ სატანჯველს...
სევდა ფარული სულში ისე მოგვრძალებია,
გულს ამოვიგლეჯთ და სასწორის პინაზე დავდებთ...
შენ,აფხაზეთო,ძალზე მძიმე ყოფილხარ მაშინ
ქართველი კაცის სიყვარულს თუ არარად აქცევ.
ჩვენ და აფხაზებს ერთი ჯიში, ერთი მოდგმა გვაქვს,
ველურ ცხენების ერთ ყიჟინად ჩვენ სულებს ვაქცევთ,
შენ, აფხაზეთო, ძალზე მძიმე ყოფილხარ მართლა,
ქართველი კაცის სიყვარულს თუ არაფრად აგდებ.
Wednesday, June 13, 2012
ისე წავალ...
კვლავ მარტოობის ხაფანგში ვარ გამომწყვდეული,
რომ შევებრძოლო ამ ცხოვრებას,განა მაქვს ძალა?
საომრად მიწვევს შავ ამინდში ქარის წისქვილი,
დონ კიხოტივით ავმხედრდები ცხენზე და გავალ
ბრძოლის ველზე,თუ დავეცემი მუხლმოდრეკილი,
უკანასკნელი მოჰიკანის დავცემ ყიჟინას
და მხოლოდ შემდეგ,ცისარტყელას ნაზ ფერებში
გავირითმები და ისე წავალ...
დიდების გვირგვინს ვინ იდგამს თავზე?
ვინც პატივს არ სცემს დედას და მამას,
ვინც მლიქვნელობს და ზნედაცემული
არცხვენს წინაპრის დიდებულ საფლავს,
ვინც ანგარებით დას და ძმას ყიდის,
სიტყვით და საქმით ყელში სცემს დანას,
ვინც უსირცხვილოდ ტყუის და ცრუობს,
ქართველ ხალხს თვალში აფურთხებს თანაც,
ვინც ორპირობს და მეგობრის ღალატს
არაფრად აგდებს და ამით ზეობს,
ვინც ქართულ მიწის დაფხრეწილ მთა-ბარს
თამამად ყიდის, მერე კი-ქველობს,
ვინაც არ იცის სად გადის ზღვარი
ბოროტებას და სიკეთეს შორის,
სწორედ ისინი იდგამენ გვირგვინს
დიდების,ჩვენთან,ჩვენნაირთ შორის.
Friday, June 8, 2012
გაზაფხულის ანაბანა
აინთება მზე, ცარგვალი,
ბრწყინავს ოქროდ წყაროს თვალი,
გაზაფხულის მოსვლას გვამცნობს,
დარიალზე ხევის წყალი.
ექოს გვეტყვის ლურჯი მთები,
ვაზებს ცრემლი ედინება,
ზამთარს წასვლა აღარ უნდა,
თოვლი წყლებად გვედინება.
იასამნის სუნი გვატკბობს,
კოხტად მოჩანს ცხვრების ფარა,
ლამაზია გაზაფხული,
მოაქვს ციდან ღმერთის ძალა.
ნაბავს თვალებს ნაზი ია,
ორთქლი ასდის ცვრიან ბალახს,
პეპლის საჭერ ბადით ხელში
ჟრიამულობს ცელქი ანა.
რა ხმებია,რა ფერები,
სოსანი და ვარდი ყვავის,
ტყესაც უკვე შველებია,
უცხვირპირო აღარ დადის
ფორთხიალა დათუნია.
ქორწილს მალე გადაიხდის,
ღალღისა და წეროს გუნდი,
ყარყატი და ყანჩაც ხარობს
შაშვს გალობა აღარ უღირს.
ჩოხის კალთას აიკეცავს,
ცეროდენა ბიჭი გია,
ძმობილებთან ერთად უნდა
წარაფებზე ინადიროს,
ჭიუხებში აჰყვეს აღმართს,
ხატაურა მთები ხიოს,
ჯიხვებს რქები დაატეხოს,
ჰადიშს ცხენით ინაპიროს.
Thursday, June 7, 2012
ლოცვა შვილისთვის
მე, ღვთისმშობელო,მოგმართავ ლოცვით,
ვდგავარ ხატის წინ,ნათელბრწყინვალევ,
არ გთხოვ არაფერს ჩემი სულისთვის,
ამ ტანჯულ ქვეყნის მესაიდუმლევ.
არც მონანიე კაცი ვარ სულით,
არც სამადლობელს შეგკადრებ, დედავ,
მინდა მოგანდო უბიწო სული,
ამ ქვეყანაში გაუხდი დედად.
ღირსეულს,ფაქიზს მიეცი ბედი,
გარშემო მყოფებს გულები სუფთა,
ახალგაზრდობა ნათელი, ქველი,
უბოროტო სულს სიმშვიდე უნდა.
სიბერეს მოაქვს მწუხარე დღენი,
გაუადვილე,არ ტანჯო სენით,
როს აღსასრული მოახლოვდება
მას მოუვლინე კეთილი გენი,
ცით ანგელოზი აღვლინდეს ფრენით.
Wednesday, June 6, 2012
წვიმა
თითქოს დამათვრეს წვიმის წვეთებმა,
მოქუფრულ ზეცას აწყდა ღილები,
ქოლგიან ქალაქს მივესალმები,
ნისლისფერ ქუჩებს ველამუნები.
გზას მიჭრის ლურჯი სვეტების ჯარი,
ცაში ცეკვავენ ხორუმს წვეთები,
ღიმილს იფენენ ფარდების მიღმა,
ტაძრებთან მდგარი პილიგრიმები.
წვიმიან ქალაქს მივასკდი სევდით,
გადავიჭიმე შუბლის ძარღვები,
ფიქრების გროვამ კვლავ გამახელა,
ჩემს გულს დუმილის ესმის აზრები.
წვიმამ გარეცხა გრძნობაც და ფიქრიც,
სუფთაა როგორც უმანკო ბავშვი,
ნაწვიმარ ქუჩებს მივყვები ახლა,
გრძნობებდამცხრალი მდუმარე ბავშვი.
პატარა სოფოს
ნისლისფერი ქედებია,
ნისლისფერი მთებია,
ჩემო ქალო, შენნაირი
ცაზე ვარსკვლავებია.
გიშრისფერი თვალები გაქვს,
თმები-ოქროს თავთავი,
ვარდისფერი ათინათი
მაგ შენს ტუჩებს დაჰხარის.
შენი სატრფო მთვარე არის,
მზეს იწუნებ ბუტია,
შენნაირი სხივთამფენი
მხოლოდ ბროლის ბურთია.
მთების იქით მთები არის,
ზღვების იქით ზღვებია,
ეს ქვეყანა, საყვარელო,
შენთვის მომირთმევია!
ჩემო ერთო, იმერეთო
ყაყაჩოთა ჯარი მოგვდეს,
ბორბლებს მიაქვთ ჩვენ გზები,
ჩქარა, ჩქარა მოგვძახიან
ოქროსფერი სათიბები.
აქეთ-იქით მწვანე მთები,
ჩანჩქერები, კლდე-პირები,
ყვირილა და რიონწყალი,
წყალწითელას ნაპირები,
მოვიჩქარი შენკენ, ერთო,
იმერეთო, ჩემო მხარე,
საზღაპრო და სალეგენდო,
სამოთხეს თუ შეგადარებ,
წინაპართა სისხლი ყივის,
ჩემო მზეო, ჩემო მთვარევ,
იმერეთო, ქვეყნის გულო,
შენს ამაყ მთებს ვენაცვალე!
Monday, June 4, 2012
რად მინდა ფუჭი დაპირება
რად მინდა ფუჭი დაპირება, ამაო არის,
არ მჯერა შენი და იმედი დავკარგე ხვალის,
მეზღაპრე იყავ, უცოდველი ზღაპრების გუდა,
მე კი-მსმენელი, დავისაჯო ამისთვის უნდა,
ოცნების ფერში გახვეულმა ზღაპრებში გდიე,
კონკიად ვიქეც და ნახშირში ნაცარი ვრიე,
ჯადოსნურ თხილებს დაეკარგა ფერი და ძალა,
ოქროს კოშკებს კი- ჩემს სიზმრებში ფანქრებით ვხატავ!
Friday, June 1, 2012
მინდა განმეორდეს ჩვენი პაემანი
მინდა განმეორდეს ჩვენი პაემანი
თეთრი ყვავილებით შენკენ მოვდიოდი,
ნაბიჯს დავითვლიდი, სუნთქვას შევიკრავდი,
გულქვა ბედისწერას ხელში დავიჭერდი
შუბლზე შემოწოლილ სევდას ავკინძავდი.
ძალით გიღიმოდი, თვალში მზეს ვიდგამდი
სულში ჩაკეტილი სივრცე კაეშანით.
დრომ ეს მოგონება უკვე მიითვალა,
მინდა განმეორდეს ჩვენი პაემანი.
მარტოობა
კაბის კალთაზე დამდნარ სანთელს, ნათენებ ღამეს,
მე არ გამადლი,არ გაყვედრი,ხელახლა გიხმობ,
ჩემი ცხოვრების აღმაშფოთო,რაინდო ღამის,
მსურს დედამიწის მაჯისცემა ხელახლა ვიგრძნო...
ნაჩუქარ ვარდებს,ძველი წიგნის ყდებში გაჩრილებს,
ნაჩუქარ ფიქრებს,დრომ და ჟამმა რომ არ გაცვითა,
ქარს გამოვატან,იქნებ მოჰკრა თვალი როდისმე,
მანამდე გული,ამ გრძნობებმა თუ არ დაფლითა,
გამოჩნდე ისევ,დაგინახო,ხელახლა გიგრძნო,
ეს სიყვარული დრომ სივრცეში ჯერ არ გახიზნა...
მოგონებების უსასრულო მორევში ჩაფლულს,
კვლავ მარტოობის ცივმა ქარმა თვალი ჩამიკრა.
Tuesday, May 15, 2012
ვარდმა დამკაწრა ლამაზმა
ვარდმა დამკაწრა ლამაზმა,
ცრემლი მადინა მწარია,
მისი სადარი ამქვეყნად
ვიცი, რომ არვინ არია.
მისი ფერი და სინაზე
არვისთან შესადარია,
სურნელით გაბრუებულმა
კვლავ ცრემლი ვღვარე მწარია,
გუბე დამდგარა ისეთი,
ზღვასთანა შესართავია.
ყველა იმისი ნაჩხვლეტი
ვარდივით წითლად ღვიოდა,
წვეთი წვეთს ემატებოდა,
ჩემს გულს ძალიან სტკიოდა,
მაგრამ ვერავინ მშველოდა,
ნაღველი ცად ადიოდა.
ვარდო, დამეხსენ ლამაზო,
თუ გინდა, რომ არ ვკვდებოდე
და შენი სილამაზისთვის
ვიფერფლებოდე, ვდნებოდე...
მაგრამ ვარდია, ამაყი,
მის გულს არ აჩნის იარა,
მე თავის მონად მაქცია,
თვითონ კი, ტყუილად იარა!
ღმერთო, არ მორჩეს ჩემი იარა
ფიჭვის ტოტი ვარ წიწვებდაცლილი,
საფლავის ქვა ვარ, ნადები შლამში,
აბობოქრებულ ტალღის ჩქამი ვარ
ზვირთებს შორის რომ იმსხვრევა ქარში.
ცის ნაგლეჯი ვარ უწყლოდ გამშრალი,
ყვავილის მდელო ცრემლით დამბალი,
კრწანისის ველის ერთი ყაყაჩო
ვაჟკაცთა სისხლით გამძღარ-დამთვრალი.
პურის ყანა ვარ ცელით ჩაჭრილი,
სიმწრით ავსილი ღვინის ფიალა,
იმას გვართმევენ, რაც მამა ღმერთმა
ჩვენს დიდ წინაპრებს გაუზიარა.
გარეჯის ბერთა უსიტყვო ღაღადს,
უიმედობას, ცად რომ იარა,
ქართველთა კვნესას, დაშვებულ ხელებს,
ასეთ ბედს ამ დრომ რად გვაზიარა?!
გამეხსნა გულზე ყველა ჭრილობა,
ღმერთო, არ მორჩეს ჩემი იარა!
Friday, May 11, 2012
დევების ვახშამზე
ბნელმა დაკაწრა მთვარე ბრჭყალებით,
ღამემ მთვარეზე შური იძია,
დევების ვახშამს დაესწრო მწუხრი,
ორთქლიან ქვაბში კაცი ჰკიდია,
ნაკუწ-ნაკუწად ათლიან ხორცებს,
იმისი ცოდვა ჩვენს თავს გვიდია,
სხვისი ჭირი და სხვისი სიავე,
ჩვენს გულის დარდად ვერ მიგვიღია.
უსამართლობის მორევში ჩაფლულთ
ღვთის სამართალი გადაგვიგდია,
ბოროტისა და კეთილის გამრჩევთ
შურის და ზაკვის ხიდი გვიგია.
გადაეცრიცა სახეებს ფერი,
სიკეთეს ვინ სთესს, ვერ გაგვიგია,
გველის ტყავებში გამოწყობილებს
იესოს ჯვარი ხელში გვიპყრია,
ვაზის ცრემლებად იღვრება ერი,
გოლგოთის გზაზე შედგა მრავალი,
ღმერთო, მოგვეცი იმისი ძალა,
რომ ვცნოთ ჩვენ შორის კაცი მართალი,
ჩოხოსანთ ლაშქარს წარუძღვეს წინა,
კვლავ აღვადგინოთ ღვთის სამართალი:
დევებს ქვაბები თავს დავახუროთ,
ვიხსნათ ტანჯვისგან კაცი მრავალი!
Thursday, May 10, 2012
სიყვარულის უვერტიურა
ორქიდეების ნაზ სუნთქვაში ჩავიძირები,
ატმის ტოტების დანალეწზე გავივლი ქარში
და სწრაფად, სწრაფად ისე მაგრად ჩაგეკონები,
რომ სასოებამ აღტაცებით შემოჰკრას ტაში.
იქ,იმ ლურჯ ველზე, მწვანე სახლთან დაგელოდები,
ჩვენ სიყვარულის უტყვ მოწმესთან დავიდებ ბინას,
მოჯადოებულ ქალწულივით სამარეს გავთხრი
და მთის დევები მომაყრიან ნოტიო მიწას.
ქარდაქარ ვიფრენ, ბუნების ფერს ჩავჭიდებ ხელებს
და ცისარტყელად დედამიწას შემოვევლები,
რომ დაგინახო,შეგისუნთქო,ჩაგხედო თვალში,
მერე კი,მშვიდად ლურჯ ღრუბლებში ძილს მივეცემი.
ღმერთი რომ ვიყო
ღმერთი რომ ვიყო, გაპატიებდი,
არ დამრჩებოდა ზიზღი და წყენა,
ღმერთი რომ ვიყო,შეგირიგებდი,
რომ ძველ სიყვარულს აედგა ენა,
ღმერთი რომ ვიყო,შევეცდებოდი
დამბრუნებოდა კვლავ შენი რწმენა,
მაგრამ ვაი, რომ ღმერთი არა ვარ
და არც შენა გაქვს ის აღმაფრენა.
Thursday, May 3, 2012
მინიატურა
მინდა წვიმის წვეთი ვიყო, ხის ფოთლიდან მიწაში ჩაღვრილი;
მინდა მზის სხივი ვიყო, დედამიწის გულში შეღწევას და მის გათბობას რომ ლამობს;
მინდა გაზაფხულის ღამე ვიყო, სიყვარულის ღამე;
მინდა ვარსკვლავი ვიყო, გზის მანათობელი;
მინდა მინდორი ვიყო, ჭრელი ყვავილებით მორთულ-მოკაზმული;
მინდა წყარო ვიყო, დამაშვრალს გული გავუგრილო;
მინდა ოფლის წვეთი ვიყო, გლეხკაცის შუბლზე შემოცვარული;
მინდა დედის ღიმილი ვიყო, დიდი ხნის უნახავ შვილს რომ ჩაიკრავს გულში;
მინდა პაპას თვალზე მომდგარი ცრემლი ვიყო, პირველად რომ დაინახავს თავის ოქროს ბალახშს, შვილიშვილს;
მინდა გაგახაროთ, მოგეფეროთ მოგეალერსოთ და გითხრათ: ძალიან მიყვარხართ!
Saturday, April 28, 2012
ახალ თაობას
მოგვიხდა ბრძოლა, ჭიდილი ჟამთან,
დროს გავუსწარით დარდით, ფიქრებით,
ჩვენი თაობა სულ ნორჩი მოკვდა,
ახალ ცხოვრებას ვერნაღირსები.
გადაიარა ჩვენს ზურგზე მტერმა,
ზოგმა ცეცხლით და ზოგმა თხრილებით,
შიმშილით, ომით, სისხლით დაღლილებს
ჩვენს სამშობლოსაც ვერ ვეღირსებით.
გადავიკარგეთ აქეთ და იქით,
თურქს და ოსმალოს ვემსახურებით,
განწირულ ქვეყნის გაწირულ შვილებს
ძეგლს დაგვიდგამენ ჩვენი შვილები!
ვკვდებოდით დარდით, ვკვდებოდით მალვით,
ვკვდებოდით არყით, ნარკოტიკებით,
პატარა ქვეყნის პატარა შვილებს
რწმენა მიგვქონდა, დიდი იმედი.
სამშობლოშივე ლტოლვილად ქცეულთ
გამოვიარეთ სისხლის წვიმები
და ათასობით სიცოცხლის ფასად
გადავარჩინეთ ჩვენი შვილები.
და ეხლა როცა, ხანდახან მაინც,
შაოსან დედას ჩახედავ თვალში
ან როცა ,,საწყლის" გამოწვდილ ხელზე
ვით მოწყალებას წვრილ ხურდას დაყრით,
იქნებ შეიცნოთ ჩვენი თაობა,
მათ ძვლებზე თქვენ ხომ, კაცები გახდით
და უპასუხოთ კაცურ-კაცურად
ძეგლის დადგმით და წესების დაცვით.
****
მოძრაობაა ჩვენი შველა, ჩვენი წამალი!
ყველა უძრავი ისე კვდება, როგორც მრავალი...
კლდე მაღალია, ლამაზი და ძალზე მაგარი,
მაგრამ მასაც კი, გასტეხს წყალი, ზვირთი მრავალი.
Wednesday, April 18, 2012
მალე მოდი, გაზაფხულო!
თითქოს თავზე დაგვაფხრიწეს,
როგორც ქუდი, ცა და მიწა,
მოდი, მალე, გაზაფხულო,
გაანელე ცათა რისხვა...
* * *
სოფელ-სოფელ, ეზო-ეზო,
მოდის, მოდის, გაზაფხული,
როგორც ურცხვი პატარძალი
ჩვენს ოჯახში შემოსული...
ალუბლის და ატმის ტოტებს
მხრებით დააქვთ თითქოს ზეცა,
სიყვარულით გათანგული
კვირტი კვირტთან ლეკურს ცეკვავს...
სიოს მოაქვს სითბო მხრებით,
ალყა-ალყად აყრის მინდვრებს,
მიწას მკერდი გაუღეღავს
სალაღობოდ იწვევს ჩიტებს...
ქართლის მიწის დაგლეჯილ ცას
ცოდვა-მადლის ნისლი ჰბურავს,
და სატირლად გამზადებულს
მზე სადილს და ვახშამს უდგამს.
ლურჯი სისხლით შეღებილა
ამ ღრუბლების ნაფლეთები
და მიწა კი გაპოხილა
სისხლიანი ნაწვეთებით...
მოდი, მალე, გაზაფხულო,
გაგვინათე გზა სავალი,
და გვენახოს მომავალში
ერთიანი ცა, მთლიანი!
Tuesday, April 17, 2012
თეთრი და შავი
ჩვენი ცხოვრება ძალიან ჰგავს ჭადრაკის თამაშს,
თეთრი და შავი, ჭადრაკის დაფის ფერები არის,
სვლას გავაკეთებ, არ ავყვები ფერების თამაშს,
ვერ გამიტაცებს, ვერ მაცდუნებს მე შავი ფერი,
შავი ბნელეთის, ბოროტების საბუდარია,
თეთრი სინათლის, უკვდავების წყაროს წყალია,
ვინც ამ წყალს შესვამს, ღმერთთან ახლოს დაიდებს ბინას,
მისი ცხოვრება, მისი ბოლო სანუკვარია...
თეთრი და შავი ჭადრაკის დაფის ფერები არის,
ჩვენი ნაბიჯიც, ზოგი თეთრი, ზოგი შავია,
თეთრი დღე არის, მზის სხივებით განათებული,
შავი ღამეა, ბნელთა ძალთა ნაჩუქარია,
და ბოლო ბრძოლა, ბოროტსა და სიკეთეს შორის,
ბოლო სვლა არის, ვისთვის-თეთრი, ვისთვის-შავია,
და ეს თამაში ვნებებით და ქარიშხლით სავსე,
იქ დასრულდება, სადაც ჩვენთვის ღია კარია.
მგლები (ზღაპარი)
ღამე არის,მთვარის შუქი არსად მოსჩანს,
ბნელს მოუცავს ტრამალი და და კლდე- ნაპირი,
სანადიროდ გამოსულა მგლების ხროვა
მათთვის არის ეს ქვეყანა დანაპირი.
მოჩანს ცეცხლი დანთებული მათთა თვალთა,
მოგიზგიზე,ბრძოლის ჟინით ავსებული...
კბილთა ღრჭენით ემუქრება მთელს ქვეყანას
მგლების ხროვა, სანადიროდ გამოსული.
ბრძოლის ველზე არ იციან მათ დანდობა,
მგლების მადა,ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით,
მგლის ხასიათს და მის ზნეს კი, ვერვინ შეცვლის,
არ გვინახავს კაცი მათგან დანობილი.
უცებ ცაზე მთვარე გაჩნდა,თეთრი დისკო,
მისმა შუქმა გაანათა კლდე -ნაპირი,
შეშინებულ მგლების ხროვას დღე დაუდგა
უკეთეს რომ ვერ ინატრებს კაცის პირი.
გადახედეს მათ ერთმანეთს შიშით,რიდით
და დაიწყეს კრაჭუნი და კბილთა ღრჭენა,
ერთი უნდა აირჩიონ შესაჭმელად,
ასეთია მგლების ზნე და ჩვეულება.
ნახეს კიდეც,ერთი იყო მეტად სუსტი,
გაფატრეს და გაათრიეს მგლებმა ველთა,
იმ ტყავიდან ერთი ბეწვიც არ დატოვეს
ასეთია მათი ზნე და ჩვეულება.
მთელ ქვეყანას შიშის ზარს სცემს მგლების ხროვა,
არ იციან მათ დანდობა,სიბრალული,
კაცის ზნეს კი,იმედი მაქვს, ვერვინ შეცვლის,
არ იქნება ის სუსტი და უმადური.
სამშობლოდან გადაკარგულებს
,,თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასო"
თავაწეული ვდგევარ მე მთაში,
ქარი მიწეწავს თმას და ტანსაცმელს,
მთა მთას შედგმია, ღელე კი-ღელეს,
ფერდი ფერდს მოსდევს და კორდი-კორდებს,
მორბის მდინარე გაშმაგებული
და ეხეთქება ქვებსა და ლოდებს!
ვუყურებ, მახრჩობს დარდი და სევდა,
ეს მოჩვენება კვალდაკვალ მომდევს,
ამ საუცარი ბუნების მქონე
ეხლა სადა ვარ და სადა ვგოდებ...
ჩემო სამშობლოვ, ჩემო ლამაზო
საით გავრბივართ, რა გვეჩქარება?
უღმერთოება, ფულის ტრფიალი,
ნუთუ ეს გვინდა, ეს გვენატრება?
ქალი ქალს არ ჰგავს, კაცი კი-კაცსა,
ყველა ოქროს კერპს ეთაყვანება,
და შავ უფსკრულში გადაჩეხილებს,
არ მიუღიათ მათ ზიარება...
და მეც წავედი, გადავიკარგე,
ვწუხვარ, გნატრულობ და მენანება,
და იმ ქართველთა მსგავსად და დარად
არ მიმიღია მეც ზიარება...
ქარი არ მიყვარს
ქარი არ მიყვარს,
მისი კვნესა, მისი წუხილი
ოცნებებს მიმსხვრევს, ვკარგავ იმედს,
იმედს ხვალისას...
შემაკანკალებს, შემაჟრჟოლებს,
ჩემს გულში ცივად დაისადგურებს
ყინული და დარდი ღამისა,
ღამევ, მითხარი, რას გვიმზადებს
ბედი ტიალი, საით მივყავართ
მთვარის ეტლს და ნაკადს ქარისას,
ოცნების მკვლელო, ბნელეთის მცველო,
დამეხსენ მწველო ტკივილო და ქარო ღამისა!
გაზაფხულის უვერტიურა
თეთრი ყვავილი თეთრ ფიფქებად მოიჯარება,
უტევს მცხეთას და უტევს თბილისს თეთრი ჯარები,
სხვა მეომრები აღარ ნახონ ჩვენმა თვალებმა.
მოვტეხე ტოტი და მეძგერა ყვავილთა გუნდი,
თმები ამევსო სურნელით და თეთრი ფიფქებით,
თავს დამატეხა ალუბლის ხემ თავისი რისხვა
და შემომცინა ჩუმად,ხის ქვეშ ყოველმა ფიფქმა
ყვავილთა ჯარი ტანზე ნაზად მომეალერსა
და ის ურჩები,წინ დამეგენ ფიანდაზებად.
მე გაზაფხულის ფერები მიყვარს,
ნაზი სიო და მწველი სურნელი,
ყვავილთა ფიფქი,კორდები მწვანე,
იების ბუჩქი,ვარდის ფურცელი.
მათრობს და მავსებს ლაღი გრძნობებით
ბალახის სუნთქვა,მთის ჩუმი ექო,
თითქოს ძახილი გადიქცა მეხად
და ეს ხმაური სიჩუმედ მერგო...
დედა ბუნების შვილი ვარ ნაღდი,
ჩემშია მუხა,თხმელა და ნეგო
მათი სიცოცხლის ყოველი წამი
უკვდავსაყოფად ჩვენ ყველას გვერგო,
ასი წლის მუხა დამყურებს თავზე,
მის ხაზებს ვუცქერ,ხირომანტი ვარ,
მის ძლიერ მკერდზე დასვენებული
თითქოს ასი ვარ და ათასიც ვარ,
მის უტეხ სულში შევაღწევ ძალით,
რომ წავიკითხო მისი ფიქრები,
და მის უხეშ და დაღარულ ტანზე,
ისევ გაჩნდება წვიმის ნიფები,
და გამიტაცებს წყლის ნიაღვარი,
მაგრამ არ მივსდევ მე იმ ნაკადებს,
რადგან მუხა ვარ,იმისი შვილი
და ის არასდროს არ მიღალატებს.
Subscribe to:
Comments (Atom)




































